вторник, 18 июня 2024 г.

თავისუფალ საქართველოში ცხოვრების მნიშვნელობა

 საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი დროიდან ადამიანთა ცხოვრების ფაქტს ადასტურებს დმანისში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები. დმანისში აღმოჩენილი ადამიანის ჩონჩხის ფრაგმენტები უძველესია მთელს ევრაზიაში, რომლის ასაკი 1 800 000 წელია. ქართველების პირველი პოლიტიკური გაერთიანება დიაოხი და კოლხა მდინარე ჭოროხის აუზში ძვ. წ. II ათასაწლეულის ბოლოს შეიქმნა, მათ მხოლოდ რამდენიმე საუკუნე იარსებეს. ისინი დაამხეს ჩრდილოეთიდან შემოჭრილმა მომთაბარე ტომებმა. ძვ. წ. VI საუკუნეში ჩამოყალიბდა ეგრისის ანუ კოლხეთის სამეფო. იგი თითქმის მთლიანად აერთიანებდა დღევანდელ დასავლეთ საქართველოს. ძვ. წ. IV საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში შეიქმნა იბერიის სამეფო. სწორედ იბერიის მეფეს ფარნავაზს უკავშირდება ქართული დამწერლობის შექმნა. ძველი წელთაღრიცხვის ბოლოს რომის იმპერიამ დაიპყრო ეგრისის სამეფო, ქართლის სამეფო ჯერ რომის ვასალია, ხოლო მისი დასუსტების შემდეგ, სპარსეთის გავლენის ქვეშ ექცევა. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ოთხი სამთავრო ჩამოყალიბდა: ლაზების, აფშილების, აბაზგებისა და სანიგების. განსაკუთრებით გაძლიერდა ლაზთა სამთავრო, რომელმაც თავის გავლენას დაუქვემდებარა დანარჩენი სამი და შეიქმნა ახალი სახელმწიფო - ლაზიკა.

VI საუკუნეში სპარსელებმა ქართლში, ხოლო ბიზანტიელებმა ლაზიკაში გააუქმეს მეფობა და მმართველად თავიანთი მოხელეები დანიშნეს. VII საუკუნის შუა ხანებში საქართველო ახალმა დამპყრობლებმა არაბებმა დაიმორჩილეს. VIII საუკუნის ბოლოს ქვეყნის პერიფერიულ ნაწილებში, სადაც არაბთა გავლენა სუსტი იყო, ყალიბდება ახალი, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოები. აღმოსავლეთ საქართველოში შეიქმნა: კახეთის სამთავრო (საქორეპისკოპოსო) და ჰერეთის სამეფო. დასავლეთ საქართველოში შეიქმნა აფხაზთა სამეფო. IX საუკუნის დამდეგს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში შეიქმნა ტაო-კლარჯეთის სამთავრო, რომელსაც უკვე 888 წლიდან ქართველთა სამეფო ეწოდა. X-XI საუკუნეების მიჯნაზე აფხაზთა და ქართველთა სახელმწიფოები გაერთიანდა, ამ გაერთიანებული სახელმწიფოს პირველი მეფე ბაგრატ III გახდა. XII საუკუნეში აფხაზთა და ქართველთა სახელმწიფოს დავით აღმაშენებელმა შემოუერთა კახეთ-ჰერეთი (რანთა და კახთა სამეფო), ტაშირ-ძორაგეტის სამეფო და ბოლოს თბილისის საამირო. დავით აღმაშენებელმა საბოლოოდ გაათავისუფლა საქართველო თურქ-სელჯუკების ბატონობისგან. საქართველოსთვის ოქროს ხანად ითვლება თამარ მეფის მოღვაწეობის პერიოდი.

XIII საუკუნეში მონღოლთა შემოსევებმა კრიტიკულ მდგომარეობაში ჩააყენა სამეფო. საქართველოში შექმნილი ვითარების გამო ქვეყანა გაიყო ორ ნაწილად, ერთში მეფობდა დავით ულუს შთამომავლები ხოლო მეორეში დავით ნარინის. XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალეს მმართველობის დროს საქართველო კვლავ გაერთიანდა, მაგრამ იმავე საუკუნის ბოლოს თემურ-ლენგის რვაგზის შემოსევამ ქვეყანა მიწასთან გაასწორა. ამას, შემდეგ საუკუნეებში მოჰყვა ირანის და ოსმალეთის აგრესია, ჩრდილო-კავკასიურ ტომთა თავდასხმები და შინააშლილობა. 1490 წლიდან საქართველო ოფიციალურად დაიშალა: ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოებად და სამცხის საათაბაგოდ. XVI საუკუნეში იმერეთს გამოეყო: სამეგრელოს, გურიის, აფხაზეთის და სვანეთის სამთავროები. 1555 წელს დადებული ამასიის ზავით ირანმა და ოსმალეთმა საქართველო შუაზე გაიყვეს, ქართლი და კახეთი ირანს, ხოლო დასავლეთი საქართველო და სამცხე-საათაბაგო ოსმალეთის ვასალები გახდნენ. 1633 წელს ქართლის მეფე ხდება როსტომ-ხანი, ამის შემდეგ ერთი საუკუნის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოს ტახტზე ქრისტიანი მეფე არ ასულა. XVIII საუკუნიდან ქართლ-კახეთი ერთიანდება და დამოუკიდებელი ხდება ირანელებისაგან. 1783 წელს დადებული გეორგიევსკის ტრაქტატით ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის პროტექტორატი გახდა.

1801 წელს რუსეთმა გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო და შეიერთა იგი რიგითი გუბერნიის სატატუსით. იმავე წლებში რუსეთის პროტექტორატი აღიარეს სხვა ქართულმა სამეფო-სამთავროებმაც, რასაც მოგვიანებით მათი სრული გაუქმება მოჰყვა. გარდა ამისა რუსეთმა ომით შეიერთა საქართველოს დაკარგული ტერიტორიები. 1918 წელს რუსეთის იმპერიის დამხობის შემდეგ, საქართველომ პოლიტიკური დამოუკიდებლობა მოიპოვა (პირველი რესპუბლიკა). 1921 წელს საბჭოთა რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია. ქვეყანაში შეიქმნა სამი ახალი პოლიტიკური ერთეული - აფხაზეთის სამოკავშირეო რესპუბლიკა (1931 წლიდან ავტონომიური რესპუბლიკა), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.

1991 წელს საბჭოთა კავშირისგან საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ქვეყნის პირველი პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია.

საქართველო პრეისტორიულ ხანაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 მთავარი სტატია: წინაისტორიული საქართველო.

ძვ. წ. V ათასწლეულში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ნეოლითურმა რევოლუციამ გამოიწვია დემოგრაფიული ზრდა, ჭარბი მოსახლეობა გადავიდა აღმოსავლეთით და აითვისა მანამდე სუსტად დასახლებული ტერიტორიები. არქეოლოგიური თვალსაზრისით ამ პერიოდს უწოდებენ „სიონის კულტურას“, რომლიც ძვ. წ. V-IV ათასწლეულებში გავრცელდა დღევანდელი ქართლისა და კახეთის ტერიტორიებზე. ამავე პერიოდში ქვემო ქართლში ჩნდება შულავერ-შომუთეფეს კულტურა. ძვ. წ. IV ათსწლეულის შუა ხანებიდან აღნიშნული კულტურები ჩაანაცვლა მტკვარ-არაქსის კულტურამ, რომელიც ძვ. წ. III ათასწლეულის I ნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა. მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელების შედეგად მოსახლეობა ბარში გაიზარდა და უფრო მჭიდრო გახდა. ნამოსახლარები ხშირად ჯაჭვისებურადაა განლაგებული ერთმანეთისგან 2-3 კმ-ის დაშორებით. ამ პერიოდის ნაოსახლარებია ქვაცხელები, ხიზანაანთ გორა, იმირის გორა. მოსახლეობის ძირითადი სამეურნეო საქმიანობა იყო მიწათმოქმედება. ძვ. წ. III ათასწლეულში დაიწყო განვითარება მეცხვარეობამ, რაც აისახა თრიალეთის, ზურტაკეტის, ჯავახეთის ყორღანულ კულტურებში. გვიანი ბრინჯაო-ადრე ული რკინის ხანაში ჩამოყალიბდა ეთნოგრაფიული ქართლი, რომელიც შენარჩუნდა შემდეგ საუკუნეებშიც. ამავე დროს ჩამოყალიბდა ხევების სისტემა. ხევი წარმოადგენდა შემაღლებულ ბორცვზე განლაგებულ სოფელთა სოციალურ-ეკონომიკურ გაერთიანებას.

ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარში დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა უკვე საუბრობდა ზანურ და სვანურ ენებზე. ამ დროს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა კოლხური კულტურა. მისი ჩამოყალიბება დაიწყო ძვ. წ. XVI-XV საუკუნეებიდან. ბრინჯაოს მეტალურგიის განვითარების მაღალ დონეზე მეტყვებს კოლხური ცული და სხვა ნაკეთობები.

პირველი ქართული სახელმწიფოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ურარტუს მეფის მენუას დაპყრობებიდიაოხის სამეფო

ძვ. წ. XII საუკუნეში შეიქმნა პირველი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანება დიაოხი. ასურეთის მეფის ტიგლათფილესერ I-ის წარწერაში ნახსენებია ძვ. წ. XII საუკუნის შუაში მუშქებთან ბრძოლის ისტორიები. იმავე მეფის წარწერაშია ნახსენები დაიაენის (იგივე დიაოხის) მეფე საენი. დიაოხი იყო მდიდარი ქვეყანა, განვითარებული ბრინჯაოს მეტალურგიითა და მესაქონლეობით. დიაოხი ოთხი საუკუნის განმავლობაში ებრძოდა ჯერ ასურეთს, შემდეგ კი ურარტუს, სანამ ამ უკანასკნელმა არ გაანადგურა. ძვ. წ. VI-VI საუკუნეებში დიაოხის დაცემის შემდეგ მოხდა მუშქების იმიგრაცია ჩრდილო–აღმოსავლეთ ანატოლიიდან სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.

ურარტუს სამეფოს ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ტუშფა

დიაოხის ჩრდილოეთი ნაწილები დაიკავეს კოლხებმა და ისინი დაუმეზობლდნენ ურარტუს. ძვ. წ. VIII საუკუნეში წარმოიქმნა კოლხეთის სამეფო. კოლხეთი იყო განვითარებული და ძლიერი სახელმწიფო მესაქონლეობითა და რკინის მეტალურგიით. ძვ. წ. VIII საუკუნეში მას ომი ჰქონდა ურარტუსთან. ამ დროს იხსენიება კოლხეთის დედაქალაქი ილდამუსა. ძვ. წ. VIII საუკუნის ბოლოს მოხდა კავკასიაში სკვითებისა და კიმერიელების შემოსევები. ამ შემოსევების შედეგად კოლხეთის სამეფომ დაკარგა ჭოროხის აუზი. ძვ. წ. VII საუკუნეში ჩამოყავლიბდა ხალიბებისა და ხალდების სახელმწიფოებრივი გაერთიანებები, რომლებსაც ასევე ურარტუსთან ჰქონდათ საომარი ურთიერთობები. ძვ. წ. VI საუკუნეში ხალიბები შეცვალეს სასპერებმა. სასპერებს პირველად ასახელებს ჰეროდოტე, რომლის მიხედვით ისინი კოლხეთსა და მიდიას შორის მოსახლეობდნენ. ჩრდილოეთით მათი განსახლების არეალი აღწევდა შავ ზღვამდე.

კოლხეთის სამეფო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 მთავარი სტატია: კოლხეთის სამეფო.

ასურულ ლურსმულ წარწერებში კოლხები ძვ. წ. XII საუკუნიდან იხსენიება. ამ დროს ისინი პირველყოფილი თემური სისტემის მიმდევრები იყვნენ. ასურული წყაროები „ათეულობით მეფეს“ (ანუ ტომის ბელადს) ასახელებდნენ. ისინი თანდათანობით ერთიანდებოდნენ და ყალიბდებიან, როგორც ერთ გაერთიანებად. დამპყრობლებთან ბრძოლაში მყარი გაერთიანება აუცილებელი იყო. კოლხურ ტომთა სოციალურ ეკონომიკური პირობებიც იცვლებოდა. გაბატონებულ მდგომარეობას იკავებენ გვაროვნული არისტოკრატიის წარმომადგენლები, რომლებიც იქვემდებარებენ ტომის რიგით წევრებს და მმართველობასაც ისეთ ფორმას აძლევენ, რომელიც უზრუნველყოფდა მათ ბატონობას. აქ ფართოდ ვითარდება მესაქონლეობა და მეტალურგია, განსაკუთრებით - რკინის წარმოება. რკინის სამრეწველო გამოყენებაზე გადასვლამ დააჩქარა საზოგადოების განვითარება და სახელმწიფოს ჩამოყალიბება. შავი ზღვის სამხრეთი სანაპიროს მთიანეთში რკინის მდიდარი საბადოები იყო. აქაური ქართველი ტომები მაგალითად ხალიბები, სახელგანთქმულები იყვნენ რკინის დამუშავებით.

არგონავტები

კოლხეთის განვითარების მაღალ დონეზე მიუთითებს არქეოლოგიური გათხრები. აქ აღმოჩენილია ბრინჯაოს და რკინის საბრძოლო და სამუშაო იარაღები. ძვირფასი ლითონის სამკაულები და ფუფუნების სხვა საგნები. ასევე თანდათანობით, ძვ. წ. XI-IX სს-ის დასავლეთ საქართველოში ჩამოყალიბდა კოლხეთის ძლიერი სამეფო. ძვ. წ. IX-VIII სს-ში კოლხეთის სამეფო თავის გავლენას ავრცელებს დასავლეთ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. კოლხების სიძლიერე აისახა ძველ ბერძნულ მითში არგონავტების შესახებ.

ნაწყვეტი ბერძენი პოეტის აპოლონიოს როდოსელის პოემიდან „არგონავტიკა“:

ვიკიციტატა

„როდესაც იაზონი და მისი მხლებლები აიეტის სასახლესთან მივიდნენ ... ისინი გააოცა მეფის გალავანმა, ფართო ჭიშკრმა და სვეტებმა, რომლებიც მწკრივად იყო აღმართული კედლის გარშემო. სასახლის თავზე, სპილენძის ქონგურებზე, ქვის კოშკი იდგა. იაზონმა და მისმა მხლებლებმა დაუბრკოლებლად დააბიჯეს ფეხი სასახლის ჭიშკრის ზღურბლს. რომელთანაც მაღალი ამართული მწვანე ფოთლებით შემოსილი ვაზები გაშლილიყო, ვაზების ქვეშ ოთხი დაუშრეტელი შადრევანი მოჩუხჩუხებდა. ეს წყაროები ჰეფესტომ ამოაჩქეფა მიწის გულიდან... ასეთი ღვთაებრივი საქმეები გააკეთა დახელოვნებულმა ჰეფესტომ კუტაიელი აიეტის სასახლეში. ამის გარდა ჰეფესტომ აიეტს გამოუჭედა სპილენძის ფეხებიანი ხარები, რომელთაც სპილენძისვე ხახები ჰქონდათ, საიდანაც ცეცხლის საზარელი ალი ამოსდიოდათ. მანვე გაუკეთა მთლიანი გუთანი მაგარი ფოლადისაგან... “

ურარტუსთან ალიანსი დიდხანს არ გაგრძელებულა ძვ. წ. VIII ს-დან კოლხას წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს ურარტუ, რომლის მეფემ სარდურ II-მ ორჯერ დალაშქრა კოლხეთის ტერიტორია, დაიპყრო სამეფო ქალაქი „ილდამუსა“. ამ ბრძოლებმა დაასუსტა კოლხა, რასაც დაერთო ჩრდილო კავკასიიდან მომთაბარე მეომარი ტომების - კიმერიელების, მოგვიანებით კი კასპიის ზღვის სანაპიროთი და დარიალის ხეობით ამიერკავკასიაში შემოჭრილი სკვითების შემოსევები.

ძვ. წ. 590 წელს ურარტუს სამეფო გაანადგურა მიდიელებმა. მისი მოსახლეობის ნაწილი ჩრდილოეთით გადაასახლეს. ისინი თანდათან შეერივნენ იქ მცხოვრებ ქართველ ტომებს და მათ კულტურას და მეტყველებაში ბევრი საგულისხმო ელემენტები შეიტანეს.

კოლხეთის რუკა