среда, 25 июня 2025 г.

არა ნარკოტიკს

 

„არა ნარკოტიკს“, „ნარკოტიკი კლავს“, „უთხარი უარი ნარკოტიკს“, „სიცოცხლეს ნუ გაცვლი“ – გიფიქრიათ, სკოლის კედლებზე გამოკრულ ამ ერთი შეხედვით უწყინარ, კეთილი მიზნების მქონე მოწოდებებს მოაქვს თუ არა შედეგი? რას ფიქრობთ, რამდენად საკმარისია სასკოლო ძალისხმევა და საერთოდ, რას ნიშნავს მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომა?

სტატიაში ვისაუბრებთ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციაზე – რა არის პრევენცია; როდის და როგორ უნდა დაიწყოს ის; როგორი მიდგომაა ეფექტიანი შვილების მიმართ; სადაა სკოლის, ოჯახისა და სახელმწიფოს როლი ამ ჯაჭვში.

რადგან საკითხი მრავალმხრივია, თემას ორ ნაწილად გავყოფთ. პირველ ნაწილში ვისაუბრებთ სასკოლო პრევენციის ზოგად პრინციპებზე, რაც სასარგებლო უნდა იყოს მშობლებისა და სასკოლო თემისთვის, მეორე ნაწილი კი პრევენციის კამპანიის გაანალიზება/კრიტიკას დაეთმობა – თუ რა არის ხშირად დაშვებული შეცდომები; ვისაუბრებთ, რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო შედეგიანი პრევენციისთვის.


„
არა ნარკოტიკს“, „ნარკოტიკი კლავს“, „უთხარი უარი ნარკოტიკს“, „სიცოცხლეს ნუ გაცვლი“ – გიფიქრიათ, სკოლის კედლებზე გამოკრულ ამ ერთი შეხედვით უწყინარ, კეთილი მიზნების მქონე მოწოდებებს მოაქვს თუ არა შედეგი? რას ფიქრობთ, რამდენად საკმარისია სასკოლო ძალისხმევა და საერთოდ, რას ნიშნავს მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომა?

სტატიაში ვისაუბრებთ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციაზე – რა არის პრევენცია; როდის და როგორ უნდა დაიწყოს ის; როგორი მიდგომაა ეფექტიანი შვილების მიმართ; სადაა სკოლის, ოჯახისა და სახელმწიფოს როლი ამ ჯაჭვში.

რადგან საკითხი მრავალმხრივია, თემას ორ ნაწილად გავყოფთ. პირველ ნაწილში ვისაუბრებთ სასკოლო პრევენციის ზოგად პრინციპებზე, რაც სასარგებლო უნდა იყოს მშობლებისა და სასკოლო თემისთვის, მეორე ნაწილი კი პრევენციის კამპანიის გაანალიზება/კრიტიკას დაეთმობა – თუ რა არის ხშირად დაშვებული შეცდომები; ვისაუბრებთ, რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო შედეგიანი პრევენციისთვის.

ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი სასკოლო სივრცეში ქმედითი პრევენციის პრინციპებზე საუბრობს:

დისკუსია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ადიქციის მკვლევრის, ირმა კირთაძის მოდერაციით წარიმართა.


ჯანა ჯავახიშვილი: ფსიქოაქტიური ნივთიერებებისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრევენცია ძალიან ჰგავს პედაგოგიკას. პედაგოგები ჩივიან ხოლმე, რომ მათი პროფესია ისე აღიქმება, თითქოს ყველას შეუძლია მასწავლებლობა; ასე ჰგონიათ პრევენციაზეც.

სინამდვილეში კი, პრევენცია მეცნიერებაა, დაფუძნებული მტკიცებულებებზე. თუ ქვეყანაში, სკოლებში, რეგიონში, თემში, პრევენცია არ ხდება, პრობლემაა, მაშინ მოსახლეობა დაუცველია, ხოლო თუ არასწორად კეთდება, კიდევ უფრო მეტი პრობლემაა, რადგან ის ზიანის მომტანია, რასაც ძალიან ხშირად ვერც ვამჩნევთ.

– ძალიან ბევრ სკოლას, ინდივიდუალურ დონეზე, გარკვეული შიშიც აქვს – „რად მინდა ახლა ნარკოტიკების პრევენცია, ჩვენთან არავინ მოიხმარს“ და თითქოს ცდილობენ დისტანცირებას. მართებულია ასეთი დამოკიდებულება? 

ამბივალენტურს ვეძახით ხოლმე ასეთ ვითარებას – თან რომ გვინდა და თან არ გვინდა. არ გვინდა, რადგან დიდი პასუხისმგებლობაა. ძალიან ხშირად ვისმენთ სკოლის პედაგოგებისგან, ადმინისტრაციისგან, რომ ეს უფრო მშობლებისა და ოჯახის საქმეა, რომ ეს არ არის სკოლაში სალაპარაკო ამბავი. ოჯახში კი, პირიქით – რომ ამაზე სკოლა უნდა ზრუნავდეს, რადგან თანატოლთა გარემო არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სიმართლე კი, ალბათ, სადღაც შუაშია – ოჯახიც, სკოლაც, თემშიც, სახელმწიფოს დონეზეც, ოღონდ მტკიცებულებაზე დაფუძნებით, იმის ცოდნით – რა არის პრევენცია, რა არ არის; რისი გაკეთება შეიძლება, რისი არ შეიძლება.

საქართველოს მაგალითი რომ ავიღოთ, ძალიან ხშირად პრევენციის საკითხები დელეგირებულია ბიოლოგიის მასწავლებლებზე, ეს კი საბჭოთა ინერციაა.

ცხადია, ინსტიტუციურად, ვიღაც ამაზე უნდა იყოს პასუხისმგებელი, მაგრამ ბიოლოგიის პედაგოგზე დელეგირება, ნიშნავს, რომ ჩვენ ნარკოტიკებისა და ზოგადად, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებას ვუყურებთ როგორც ბიოლოგიურ მოვლენას და არ ვითვალისწინებთ ფსიქოლოგიურ და სოციალურ ასპექტებს.

ეს ბიო-ფსიქო-სოციალური ამბავია – გასათვალისწინებელია სამივე რიგის ფაქტორი. შესაბამისად, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ბიოლოგიის პედაგოგზე მინდობილი. ვიცი შემთხვევები (მართალია, არ არის ბოლოდროინდელი და იმედი გვაქვს, რომ ასეთი რამ აღარ ხდება), როდესაც ბიოლოგიის მასწავლებელს წაუყვანია მოსწავლეები პათანატომიურ ცენტრში, რომ ენახათ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შედეგად „დამახინჯებული“ ნაყოფი. არ არის ეს სწორი, ვინაიდან დამაშინებელი ტექნიკა არ მუშაობს.

ბავშვებს ჩვენი დახმარება სხვა მხრივ სჭირდებათ, რომ სწორი გადაწყვეტილებების მიღება შეძლონ, რომ ჰქონდეთ „არას“ თქმის უნარ–ჩვევები, როგორ შეძლონ პრობლემების მართვა, მის დაძლევაზე მუშაობა, რათა შეძლონ ემოციების მართვა, უცხო, სოციალურ სიტუაციაში არ ჰქონდეთ შიში, შფოთვა, რასთან გამკლავებასაც ხშირად ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებით ცდილობენ – ხელი რომ დააკავონ, სიგარეტს ეწევიან; შფოთვა რომ ჩააცხრონ, ალკოჰოლს სვამენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და მხოლოდ ბიოლოგიიდან ამის შეხედვა, არ გვიშველის. 

თუ ვინმეზე უნდა იყოს დელეგირებული ეს საკითხები, ვიტყოდი, რომ ეს სამოქალაქო განათლების სპეციალისტი იქნებოდა, მაგრამ ესეც არ იქნება სწორი; უნდა იყოს ჯგუფი სკოლაში, რომელიც თითოეული სკოლის ნარკოპოლიტიკას, მოხმარების პრევენციის პოლიტიკას განსაზღვრავს და განახორციელებს.

მაშ, ვინ უნდა გაატაროს ეს პრევენციული ღონისძიება ჩვენს მოზარდებთან; ვინ არის ის და რა კომპეტენციის ადამიანზე ვსაუბრობთ?

გააჩნია, რა პროგრამას ვახორციელებთ. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ევროკავშირის მტკიცებულებითი პროგრამა – ე.წ. Unplugged პროგრამა – ეს არის ყოვლისმომცველი სოციალური გავლენის პროგრამა. ეს მიდგომა ნიშნავს, რომ თვითონ სკოლა არის თვითკმარი, ჰყავს მომზადებული პედაგოგები, რომლებიც ბავშვებთან 12-13 წლის ასაკში მუშაობენ.

რატომ ამ ასაკში?

ეს არის საუკეთესო ასაკი, ვინაიდან ჯერ არ არის დაწყებული ე.წ. ბუნტი, რაც მოზარდობის ასაკისთვისაა დამახასიათებელი. ამ ასაკის შემდეგ, რასაც ვეტყვით არასრულწლოვანს, შეიძლება, პირიქით აღიქვას.

ამიტომ, სანამ ეს 180-გრადუსიანი წინააღმდეგობა არ გვხვდება, უნდა ვიზრუნოთ ბავშვების ემოციური რეგულაციისა და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებაზე; ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, ამ პროგრამის ქვაკუთხედი არის ისიც, რომ ნორმალიზებული არ უნდა იყოს ნარკოტიკების მოხმარება.

რას ნიშნავს ნორმალიზების ფენომენი? – როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ  „ყველა მოიხმარს“, „კატასტროფა ხდება ქვეყანაში“, რასაკვირველია, ასე არ არის. სასკოლო გამოკითხვის ბოლო კვლევითაც ჩანს, რომ მოხმარების დაახლოებით ისეთივე მაჩვენებელი გვაქვს, როგორიც ევროპის საშუალო მაჩვენებელია, ანუ კატასტროფა არ ხდება. თუმცა, როგორც კი ჩვენ ამას კატასტროფად წარმოვაჩენთ და ვამბობთ, რომ „მიმდინარეობს ერის გენოციდი“, სინამდვილეში გამოდის, რომ ჩვენი გზავნილი არის – „ყველა მოიხმარს“, ანუ ნორმალიზებას ვაკეთებთ. როცა ვამბობთ – „ყველა მოიხმარს“, გამოდის, ვამბობთ – „ეს ნორმალურია; შენც მოიხმარე“.

სკოლაში, ერთი მხრივ, შესაძლოა, დაინერგოს აღნიშნული პროგრამა; ამასთან, სასკოლო პოლიტიკა უნდა იყოს ისეთი, რომ უწყობდეს ხელს ცხოვრების ჯანსაღ წესს. მაგალითად, სკოლის პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაცია ძალიან კარგად უნდა იცნობდნენ იმ ფაქტს, რომ ნარკოტიკების მოხმარების პრევენცია იწყება ლეგალური ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციით – ალკოჰოლისა და თამბაქოს.

თუ თქვენს მოსწავლეებთან ერთად ექსკურსებზე მიირთმევთ ღვინოს, მოსწავლეები თვრებიან და თქვენ ამას წყნარად უყურებთ, უნდა იცოდეთ, რომ აქ ჩაიშალა და ჩამოიშალა ნარკოტიკების მოხმარების პრევენცია.

…პატარა რომ ვიყავი, მამა ყოველთვის მაყოფინებდა ენას ღვინის ჭიქაში და ეს ნორმალური იყო მაშინ. ბოლო წლებში წარმოებული კვლევების მიხედვით, ქართულ ოჯახებში, განსაკუთრებით რეგიონებში, თუ ბიჭი 9 ან 12 წლის ასაკში დათრობამდე სვამს, მამას ამაზე შეიძლება ჰქონდეს დადებითი რეაქცია – „ბიჭი მომესწროო“ – იტყვის. თუ ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ბიჭი თვრება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მის ალკოჰოლზე დამოკიდებულებაში წვლილი შეგვაქვს; წახალისებულია ეს სოციალურად – კარგ ბიჭად რომ იგრძნოს თავი, ე.ი. უნდა დალიოს.

სად არის მშობლების როლი? რა უნდა იცოდნენ მათ?

მშობლები ამ მტკიცებულებითი პროგრამის (ყოვლისმომცველი სოციალური გავლენის პროგრამა) ერთ-ერთი სამიზნე ჯგუფია. მათთან პროფესიონალურად ფსიქოლოგებმა უნდა იმუშაონ – სულ სამ პრევენციული სახის შეხვედრაზეა საუბარი. მოზარდთან მოხმარების, ქცევის რისკების თავიდან აცილებაზე, დაცვითი ფაქტორების გაძლიერებაზე. როცა პრევენციაზე ვლაპარაკობთ, არის გარკვეული რისკფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს მოზარდს, რომ მოიხმაროს, მაგალითად – მშობლის მხრიდან არასაკმარისი ლიმიტის დაწესება და არასაკმარისი ყურადღება ან ჭარბი ლიმიტის დაწესება და გადამეტებული ყურადღება. ამ ნიუანსებს ცოდნა უნდა.

რაც შეეხება დამცავ ფაქტორებს – ესაა ისეთი ურთიერთობა შვილთან, როდესაც მუდმივად კომუნიკაციაში ხარ და მას შეუძლია (რამდენადაც იცის, რომ მის გვერდით ხარ), გაგიზიაროს თავისი პრობლემა. არ უნდა ეშინოდეს, რომ მას ვერ გავუგებთ; რასაკვირველია, ლიმიტიც უნდა დავუწესოთ.

იმისთვის კი, რომ დამცავი ფაქტორი  ვიყოთ შვილებისთვის, ცოდნა და კომპეტენცია უნდა ავიმაღლოთ ამ საკითხზე. მშობელიც და პედაგოგი უნდა იყოს წიგნიერი ფსიქოაქტიური ნივთიერებების საკითხში და ეს მარტო მავნებლობის შესახებ ინფორმაციით არ შემოიფარგლება.

ამასთან, საინფორმაციო თუ მედიაკამპანიების გზავნილი არის ხოლმე იმაზე აგებული, თუ რა რისკებთან არის დაკავშირებული ნარკოტიკების მოხმარება. მტკიცებულება კი გვაჩვენებს, რომ მოზარდი ან ზრდასრული შესანიშნავად შეიძლება იყოს ინფორმირებული, თუ რა რისკთან არის ხოლმე დაკავშირებული ნარკოტიკების მოხმარება, მაგრამ მაინც მოიხმარს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებს სჩვევიათ Risk-taking behavior, სარისკო ქცევა. ამით ის თავს ავლენს, თვითდამკვიდრებას ცდილობს.

აი, დიაბეტის შემთხვევაზე რომ ვისაუბროთ, ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ შაქრიანი საკვები გვნებს, მაგრამ არის ეს ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი? სამწუხაროდ, ქრონიკულად ვარღვევთ დიეტას. მოკლედ, ნებისმიერ შემთხვევაში, მხოლოდ რისკზე აგებული საპრევენციო კამპანია საქმეს არ შველის.

არის კიდევ ერთი გასათვალისწინებელი მომენტი – მოზარდს არ აქვს მომავლის ცნობიერება ისე, როგორც ჩვენ, ზრდასრულებს. ჩვენც კი ნაკლებად გვაქვს ეს; რამდენი ეწევა და რომ ეტყვი, შეიძლება, ფილტვების სიმსივნე განგივითარდეს, ფიქრობს, ეს როდის იქნება, რომ ეს მას არ დაემართება. ანუ მოზარდს არ აქვს მომავლის ცნობიერება და რომც იცოდეს, რომ გარკვეულ ასაკში ამას შეიძლება პრობლემები მოჰყვეს, ეს ინფორმაცია აქ და ამჟამად არ შველის იმას, რომ თავი შეიკავოს მოხმარებისგან;

ქცევის ცვლილებას ან ქცევის თავიდან აცილებას ბევრად უფრო ყოველმხრივი მიდგომა სჭირდება. საუბარია სოციალურ და ფსიქოლოგიურ უნარ-ჩვევებზე.

 

Комментариев нет:

Отправить комментарий